თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს. შესაბამისი განცხადება გადაცემა მე-17 სართული ეთერში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ წაიკითხა.
"კლუბების გახსნის მოთხოვნა არ დაგვიყენებია მანამ, სანამ თავად არ დავრწმუნდით, რომ შევძლებდით ჩვენს სივრცეებში შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას. სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, დღეს, 22 დეკემბერს 22-თვიანი ლოდინის შემდეგ საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. ამ უსამართლო უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა განადგურების წინაშე დააყენა მთელი სცენა, მასთან ერთად ამ სფეროში დასაქმებული 8 ათასამდე ადამიანის მომავალი. ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულნი. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ ვუყუროთ, ერთის მხრივ, ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფერო, რომლის წარმატებამ და გლობალურმა მასშტაბით აღიარებენ უპრეცედენტო მნიშვნელობა შესძინა. მეორეს მხრივ კი, თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს.
მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სფეროს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაწევა მოგვიწია", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- The Cultural and Creative Industries Union of Georgia
- 4GB
- BASSIANI
- Boom Boom Booking Agency
- Bude
- CAFE-GALLERY
- Colibri
- DAISI • დაისი
- დედაენის ბარი
- KHIDI
- Kibe
- Left Bank
- Lisi Rest
- Lisi Wood
- MIONI
- Millennials
- მტკვარზე • MTKVARZE
- Mzesumzira
- რეფლექტორი / Reflector
- Swing Festival
- TES
- TIVI • ტივი
საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ დღეს განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.
17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.
რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.