logo
ENG



კლუბები: უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა

24 დეკ 202100:40
3 წუთის საკითხავი
 
კლუბები: უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა
დარო სულაკაური / The New York Times

თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს".

კლუბები აცხადებენ რომ ეს არის ცალსახად შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.

"გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ეს გზა არ არის პრობლემის სასიკეთოდ გადაჭრის მცდელობა, თუ რა თქმა უნდა ხელისუფლების მიზანი პრობლემის გადაჭრაა და არა მისი გამწვავება, რაშიც, მათ მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ეჭვი გვეპარება.

მოვუწოდებთ სივრცის მეიჯარეებს, არ აჰყვნენ უკანონო შანტაჟს და არ დაუშვან იმ სივრცეების გაქრობა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.

ამ სივრცეების გაქრობა არამხოლოდ კანონის, ეთიკისა და მორალის, არამედ ისტორიის კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. რაც მთავარია, მოგიწოდებთ ჩვენის სცენის აქტიურ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს, გავერთიანდეთ ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული კერების, იმ საცეკვაო მოედნების გადასარჩენად, რომელიც თითოეული თქვენგანის საკრალურ მომენტებსა და ისტორიებს ინახავს", - წერია განცხადებაში. 

***

საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.

გუშინ, 22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს. 

"მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სფეროს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაწევა მოგვიწია", - აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 


close დახურვა