კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ეხმაურება პანკისის ხეობაში გამართულ აქციას, რომლის მონაწილეებიც, "პანკისის რადიოს" ცნობით, მათ დარბევით ემუქრებოდნენ. კოალიციის შეფასებით, პანკისის რადიოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს.
ორგანიზაცია შსს-ს დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რადგან, მათი თქმით, იკვეთება მათ შორის ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები:
"2020 წლის 1 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც დაფიქსირებულია, როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისაგან იძულებით - პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას. მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები," - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
პანკისის სათემო რადიოს ცნობით, მათ წინააღმდეგ აქცია ახმეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა, მისი მონაწილეები რადიოს ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილის, "გაგდებას" ითხოვდნენ და ემუქრებოდნენ.
"რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი, დღეს, აქ, ამის გამო მოვიდა," - ავრცელებს სათემო რადიო აქციის მონაწილის, სოფელ დუისში მცხოვრები თამაზ მარგოშვილის კომენტარს.
პანკისის რადიოს ცნობით, აქცია "როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველოს" ხელმძღვანელის ლია მარგოშვილის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ქართული ოცნების აქტივისტია და საარჩევნოდ, მათი წარმომადგენელია დუისის უბანზე.
მათივე ინფორმაციით, აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პანკისის რადიომ შეიტყო, რომ იგეგმებოდა ხსენებული ფონდის მიერ იმ შენობის შესყიდვა, სადაც რადიოა განთავსებული და ამის თაობაზე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა ახმეტის მერიიდან.
პანკისის რადიო წერს, რომ ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ, ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა როდის სკოტის ფონდის ხელმძღვანელს ლია მარგოშვილს უთხრა, რომ შენობას ვეღარ მისცემდნენ. მარგოშვილს ურჩიეს, დუისში აქცია მოეწყო, რაც შეიძლება მეტი ხალხი შეეკრიბა და შენობის გადაცემა მოეთხოვა.
პანკისის რადიოს ცნობით, მერიას დასახული ჰქონდა გეგმა, რომ აქციაზე მისულიყვნენ ახმეტის საკრებულოს წევრები პანკისის სოფლებიდან და მერიის თანამშრომლებიც.
"მერიიდან რამდენიმე წყაროსგან შეგვატყობინა, რომ მერის, იოსებ ქარუმაშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ლაშა გოდერძიშვილისა და გიორგი ხარიტონაშვილის დავალებით, აქციის მონაწილეებს პროტესტი უნდა გამოეთქვათ პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ, ის ხეობისა და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებაში უნდა დაედანაშაულებინათ და პანკისიდან მისი გასვლა მოეთხოვათ," - წერს პანკისის რადიო.