logo
ENG



კოალიცია: საპატრიარქოს წარმომადგენლის პოზიცია ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს

27 ნოე 202214:32
3 წუთის საკითხავი
 
კოალიცია: საპატრიარქოს წარმომადგენლის პოზიცია ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს
ფორმულა

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს. ამის შესახებ კოალიციის ახალ განცხადებაშია აღნიშნული.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია.

საგანგაშოა, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას.

მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

ხაშურის დედათა მონასტერს 2 პირი თავს დაესხა - ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. მონაზონი ფიზიკური დაზიანებებით თბილისში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ - დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხაშურში, დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გამოეხმაურა და მომხდარი კრიტიკულ მედიას დააბრალა.

ჯაღმაიძე Facebook-ზე წერდა, რომ მომხდარი "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.

ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა საზოგადოებაში - სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიასაშუალებებზე გადაბრალება "უკიდურესად საშიში და არასწორია". 

გირჩი-მეტი თავისუფლებამ კი ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მომხდარი ძალადობის ფაქტი მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას" დააბრალო და ამისთვის პირველ, რიგში საჭიროა, საერთოდ არ გქონდეს სინდისი.


close დახურვა