კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს "ფრაგმენტულს" უწოდებს, რომელიც სრულად მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას.
კოალიციის განცხადებით, ახალი ინიციატივა ვერ გააჯანსაღებს პროცესს და ვერ აამაღლებს საზოგადოების ნდობას, ასევე ვერ მოაგვარებს სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს.
"იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, ხოლო სასამართლო სისტემას მართავს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - კლანი, შემოთავაზებული ცვლილებები, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, სასამართლო რეფორმის იმიტაციის მცდელობას წარმოადგენს.
ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე მსგავსი ცვლილებები სასამართლოში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს", - წერია განცხადებაში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის ძირითად საკითხებზე მიმდინარე მედიაციის პროცესში არსებული პირობებით უნდა შეთანხმდნენ.
მათივე განცხადებით, პირველ რიგში, ხელისუფლება და ოპოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების კონსენსუსზე ორიენტირებულ წესზე უნდა შეთანხმდნენ.
ამასთან, კოალიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლების, პოლიტიკური აქტორების და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით შეიქმნას მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ დაინიცირებული ცვლილებებით, გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია.
ასევე, ოხანაშვილის განცხადებით, საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. "სარეიტინგო სიის" ფორმირებას. პროექტის თანახმად, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ მაღალი შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები.
საკანონმდებლო ინიციატივა გასულ კვირას დარეგისტრირდა და პარლამენტი დაჩქარებული წესით ცვლილებების განხილვას დღეიდან, 29 მარტიდან იწყებს.