logo
ENG



კოალიცია გვარამიაზე: სააპელაციოს გადაწყვეტილებას შეუძლია, ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციას

19 ივლ 202212:41
3 წუთის საკითხავი
 
კოალიცია გვარამიაზე: სააპელაციოს გადაწყვეტილებას შეუძლია, ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციას

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას. 

განცხადებაში კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურად შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინებს სახალხო დამცველისა თუ სხვა ორგანიზაციების მოსაზრებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას.

დღეს სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

"საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი გმობს ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გადახედვას. ამდენად, ნიკა გვარამიას საქმის განხილვით, სააპელაციო სასამართლოს ეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა ცვლილება შეიტანოს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, არამედ უზრუნველყოს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაც.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორმა ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა"- ნათქვამია განცხადებაში.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა