მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს ქართული ოცნების მოთხოვნას, კომუნიკაციების კომისიამ "შინ ევროპისკენ" კლიპის ეთერში განთავსების გამო, სამი კრიტიკული მედია - ფორმულა, მთავარი არხი და TV პირველი დაასანქციროს .
კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში.
მათივე შეფასებით, ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედიის მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი განიხილება. 2020 და 2021 წლებში კომისიამ მთავარი არხი უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის და თანაზომიერების პრინციპების სრული უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებები კოალიციის მიერ ცენზურის მცდელობად შეფასდა.
მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევა რგოლი, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები.
მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს მისი ფორმალური მხარე. კამპანია "შინ ევროპისკენ" სახელით გავრცელებულ რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები"- ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ოცნება სამ ტელევიზიას, ფორმულას, მთავარ არხს და ტვ პირველს, შინ ევროპისკენ კლიპის გაშვებისთვის კომუნიკაციების კომისიაში უჩივის.
საქმე 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ვიდეოს განთავსებას ეხება.
ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ 2022 წლის 23-25 ივნისს ფორმულას, ტვ პირველისა და მთავარი არხის ეთერში გავრცელდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო.