საავტორო უფლებების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიგა კობალაძე აბსურდულსა და გამოგონილს უწოდებს ბრალდებებს, რის საფუძველზეც დღეს ფინანსურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
"წაიღეს ყველაფერი - დოკუმენტაცია, კომპიუტერები. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება და ერთგვარი დაგვირგვინებაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მიმართ მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რუსეთმა მოახერხა და საქართველოში საავტორო უფლებების სფერო უკვე ჩაიგდო ხელში და ახლა ამით არ კმაყოფილდება. უნდა, რომ მთლიანად მოასუფთაოს ველი და ის ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელიც ჩვენი სახით კიდევ დარჩა, ესეც არ უნდა, რომ იყოს. ამიტომ, ეს რაღაც ბინძური აბსურდი მოიგონეს, ვითომ რაღაც ფინანსური დარღვევები. გარწმუნებთ, ეს ყველაფერი გამოგონილი", - აცხადებს კობალაძე.
მისივე ინფორმაციით, ის 5 თებერვალს ფინანსურ პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყეს.