ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ის „ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას“ ვინც საქართველოში „მისი ჩამოსვლა წაახალისა“.
კობახიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაზე ამ ევროპარლამენტარებმა "უნდა ინერვიულონ", ქართული ოცნების "სანერვიულო" კი კანონის აღსრულებაა.
კობახიძემ მათ შორის ევროპარლამენტარებს მოუწოდა, "თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან".
„სინამდვილეში ეს კონკრეტული ადამიანები, ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის. ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე, ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი სანერვიულო - ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის აღსრულება, რაც არის საქართველოში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან, მათ შორის მოვუწოდებ ევროპარლამენტარებს ამისკენ. მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ქართულ მართლმსაჯულებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს არაერთმა ევროპარლამენტარმა, მათ შორის მირიამ ლექსმანმა და რასა იუკნევიჩიენემ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრეს.