logo
ENG



კობახიძე: არ გამოვრიცხავდი, რომ აკერმანის ჩამოტანილი იყოს ეს ფარული ჩანაწერები

26 აპრ 202213:02
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: არ გამოვრიცხავდი, რომ აკერმანის ჩამოტანილი იყოს ეს ფარული ჩანაწერები
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის საუბარი ისმის, ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის ეს "ერთგვარი ხავსია".

კობახიძემ ჩანაწერების გავრცელებაზე საკუთარი თეორიის შესახებ ისაუბრა:

"მე მგონია, რომ ეს ყველაფერი, ეს ე.წ ჩანაწერი, მერე არახამიას განცხადება, არის ლოგიკური გაგრძელება იმ შეხვედრის, რომელიც შედგა ბაკურიანში. ბაკურიანში შედგა რევოლუციური შეკრება, შულავერის კომიტეტის მოღალატეობრივი შეკრება... ამ შემთხვევაში ეს ჩანაწერიც იყო მათთვის ერთგვარი ხავსი და ამ შეკრების გაგრძელება უნდათ ამ ჩანაწერით და მერე არახამიას განცხადებით. მე იმასაც არ გამოვრიცხავდი, რომ იგივე აკერმანის ჩამოტანილი იყოს ეს ფარული ჩანაწერები და პირდაპირ უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი ბაკურიანის შეკრებას. ძალიან ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ის ჩანაწერი და შემდეგ არახამიას განცხადება, რომელიც მოვისმინეთ", - თქვა მან.

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.

 


close დახურვა