logo
ENG



კობახიძე: არავის შერჩება, რომ ელჩების წინააღმდეგ მიდიან

24 ივნ 202016:52
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან შეთანხმების დარღვევაა. 

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დღის წესრიგი დესტაბილიზაციაა.

„კარგად გამოჩნდა, რომ რეალურად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ არიან მზად პასუხისმგებლიანი პოლიტიკისთვის. მათი დღის წესრიგი არის დესტაბილიზაცია და ნორმალური პოლიტიკური პროცესების ბლოკირება. საზოგადოებას ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ ეს პოლიტიკური პარტიები მინიმალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენდნენ და შეთანხმებას, რომელიც საჯაროდ აიღეს და პარტნიორების ფასილიტაციით, ისინი შეასრულებდნენ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ ფასილიტატორი ელჩების წინააღმდეგ წასვლის გამო, პარტიები პასუხს აგებენ.

„ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ სურს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. იციან, რომ არჩევნებში არც ასეთი და არც ისეთი სისტემით შანსი არ აქვთ და შესაბამისად, ერთადერთი მათი ინტერესი პროცესების რადიკალიზაციაა. თუმცა, აქაც მათი რესურსი ნულოვანია. ისინი არიან ჩიხის რეჟიმში და ჩიხის რეჟიმში შეცდომას შეცდომას უშვებენ. ისინი ამაზე აუცილებლად აგებენ პასუხს. არავის შერჩება, რომ ელჩების წინააღმდეგ მიდიან. ეს არ გავა ისე, რომ ამაზე რეაგირება არ მოხდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.

გიორგი რურუას საქმე: შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

ამავდროულად, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია.


close დახურვა