logo
ENG



კობახიძე: არის 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება, მეორე ტური ჩატარდეს

31 ოქტ 202012:37
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: არის 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება, მეორე ტური ჩატარდეს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 6-7 საარჩევნო ოლქში მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო.

ამის მიუხედავად, კობახიძემ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ოცნება 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

"მეორე ტურები რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი. არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება ჩატარდეს მეორე ტური. ამ ეტაპზე ჩვენ ბუნებრივია, თავს შევიკავებთ ამ ოლქების დასახელებისგან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 30-ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები არ არის გამორიცხული. ასეთი შეიძლება იყოს 6-7 ოლქი", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. მრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა