logo
ENG



კობახიძე: გახარიას მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ჰქონდა

18 თებ 202111:44
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს სხვა ენმ-ის თავმჯდომარის დაკავების ვადებთან დაკავშრებით თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, რაც წყალგამყოფი აღმოჩნდა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი პრემიერობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ხვალ 18 თებერვალს დაასახელებს.

"გახარია ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი იყო. სამწუხაროა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, მაგრამ სამწუხაროდ მისი პოზიციის გასამყარებელი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი სახელმწიფომ უნდა აჩვენოს  მყარად თავისი სახე თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი - ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, ვერ შედგება სახელმწიფოდ", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, გახარიას გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მელიას დაკავების პროცესის გადადებით ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

"მოვუწოდებთ მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს მის დაკავებას", - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მელიას დაკავება დროებით გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა გუშინ, 17 თებერვალს ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეცვალა. ბრალდება ენმ-ის თავმჯდომარისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელია, მისი მხარდამჭერები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ენმ-ის ოფისში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ არ აპირებენ სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას დაემორჩილონ და სამართალდამცველებს ყველანაირად შეეწინააღმდეგებიან.


close დახურვა