logo
ENG



კობახიძე: ევროპარლამენტარები ცდილობენ არარელევანტური ცვლილებები შეიტანონ რეზოლუციაში

08 ნოე 202217:32
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარები ცდილობენ არარელევანტური ცვლილებები შეიტანონ რეზოლუციაში.

"პირველი ტექსტი, რომელიც მომზადდა არის დაბალანსებული და ის ასახავს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები, რომლებიც ცდილობენ აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებები შეიტანონ რეზოლუციაში.

ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება. რა თქმა უნდა, ისინი არანაირი ნაცმოძრაობის ლობისტები არ არიან, რადგან რესურსი ნაცმოძრაობას არ აქვს, იმისა, რომ მათ ასეთ დონეზე, საგარეო ფრონტზე იმუშაონ. რეალურად, ისინი არიან ერთმანეთის მოკავშირეები, უფრო მეტად ნაცმოძრაობა არის ამ ხალხის მოკავშირე, ვიდრე ისინი ნაცმოძრაობის მოკავშირეები. გამგები გაიგებს ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომლის წარმომადგენლებიც არიან ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები და მათ ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოში გამოიწვიონ ის პროცესები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში წარიმართება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიურ ანგარიშში შესწორებების ინიციატივით გამოდიან.

ცვლილებების დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეხება კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელებისადმი თავდასხმებს და ნახსენებია მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი და ტვ პირველის მფლობელები და დირექტორი: ავთანდილ წერეთელი და ვატო წერეთელი.

დოკუმენტში ასევე საუბარია დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, რომელიც შესწორების დოკუმენტში 12-ჯერ არის ნახსენები.


close დახურვა