logo
ENG



კობახიძე: თუ სანქციებს დაგვიწესებენ, ჩვენი გუნდის მხარდაჭერა უფრო გამყარდება

14 მაი 202421:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/9sjmcn8h4xuy3sq.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ სანქციებს დაუწესებენ, ქართული ოცნების მხარდაჭერა გამყარდება.

მისი თქმით, თუ სანქციები დაწესდება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს.

"აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით. ზოგადად, თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა არის კონტრპროდუქტიული.

პრაგმატულად მხოლოდ დამაზიანებელი იქნება სანქციების დაწესება სანქციის დამწესებლისთვის. თქვენ გახსოვთ მოსამართლეების მიმართ დაწესდა ე.წ. სანქციები, სავიზო შეზღუდვები და ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის რეპუტაცია, ვერავითარი ზიანი ვერ მიაყენა ამან მოსამართლეებს, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა აშშ-ის რეპუტაცია...

ასეთი არასერიოზული ნაბიჯი კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს, იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენ არ გვინდა, რომ აშშ-ის რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე.

[სანქციები] ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. [სანქციების დაწესების შემთხვევაში] კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა, ამიტომ კიდევ ერთხელ პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას", - თქვა კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენმა პრესკონფერეციაზე თქვა, რომ "თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები".


close დახურვა