logo
ENG



კობახიძე: ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის

09 ნოე 202114:59
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველს "ნაციონალს" უწოდებს. 

კობახიძე ნინო ლომჯარიას მიმართ გაღიზიანებას გამოხატავს, რადგან სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სხვადასხვა უფლების დარღვევაზე ლაპარაკობს.

"სახალხო დამცველს და ნაცმოძრაობის დანარჩენ წარმომადგენლებს აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი. ერთადერთი მიზეზით უნდათ მათ სააკაშვილის რამენაირად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. რაც შეეხება სახალხო დამცველის და სხვა ნაციონალების განზრახვას, მიზეზი არის მარტივი, მიზეზი არის, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად მარტივია მათი გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ეს კიდევ აჩვენებს რას, რომ ჩვენ ვსაუბრობდით მათ რევანშისტულ განზრახვებზე, რასაც არ უწერია აღსრულება. ნინო ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის, იმიტომ, რომ იყენებენ სიცრუისთვის, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი". - თქვა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. 

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ გლდანის ციხის 18-ე საავადმყოფოში არ არის სათანადო აღჭურვილობა, რაც საჭირო იქნებოდა მიხეილ სააკასვილის მკურნალობისთვის. 

ომბუდსმენის მოადგილემ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა დემურიშვილმა დაარწმუნა, მიეღო საკვები დანამატები, რის შემდეგაც ხელისუფლებამ შესაბამისი ვიდეო გაავრცელა და მიუთითა, რომ ექსპრეზიდენტი "საკვებს იღებს". 

სახალხო დამცველმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის ციხეში. 

დღეს, 9 ნოემბერს კი ომბუდსმენის აპარატმა განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო და უკვე 40 დღეა, საკვები არ მოუღია. 

ადვოკატები და ექიმები ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ითხოვდნენ, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. იგივე დაადასტურა სახალხო დამცველმაც. 

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პეიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. 


close დახურვა