ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ეს "პრაგმატული გადაწყვეტილება რამდენიმე ძირითად მოსაზრებას დაეფუძნა".
"რადიკალური ოპოზიცია, პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით, ცდილობს, განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა - როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა.
თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს საბოტაჟს და საბოტაჟის განამხორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები". - თქვა მან.
კობახიძისვე თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია მისი პირადი განცხადება.
როგორც ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, პარლამენტში წარმოდგენილია 3 პარტია.
"შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნაწილის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული".- ამბობს ის.
კობახიძე აცხადებს, რომ იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, ჯამში ამომრჩევლის 39%-ის მხარდაჭერა მიიღეს. შესაბამისად, მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ მათ შანსი მისცა, პატივი სცეს ამომრჩევლის ნებას".
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სწორედ დღეს, 2 თებერვალს, გადის კენჭისყრაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი. იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტი მანდატები მოიპოვეს, მანდატებზე უარი თქვა - მათ არჩვნები გაყალბებულად მიიჩნეს და ბოიკოტი გამოაცხადეს.
მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით, თუმცა, ქართული ოცნების პარლამენტი მათ ამაზე უარეს ეუბნება.
მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ელისაშვილი და იოსელანი დღეს, 2 თებერვალს პარლამენტში შევიდნენ, მანამდე კი მმართველ გუნდთან ერთად მემორანდუმს მოაწერეს ხელი.