ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა იმ პოლიტიკურ ძალებთან უნდა გააგრძელოს მოლაპარაკებები, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს არ იტყვიან.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიების მიერ სიებისა და მანდატების განულების შემთხვევაში, მოლაპარაკებებს აზრი აღარ ექნება.
"მე მგონია, რომ მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკვე გაანულეს სიები და სადეპუტატო მანდატები და თუ ისინი პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, ბოკერიასთან, გვარამიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ლაპარაკს? პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არ არის არც საქართველოს პარლამენტში და არც ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, მათთან რა აზრი აქვს საუბარს? ვისაც არ სურს გააიგივოს საკუთარი თავსი სააკაშვილთან, გვარამიასთან, უგულავასთან და ბოკერიასთან, ასეთ პოლიტიკოსებთან, ბუნებრივია, ლაპარაკსაც აქვს აზრი", - თქვა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც მანდატებზე უარს ამბობენ, "პათოლოგიური ადამიანების შანტაჟის მსხვერპლები" არიან და მათი ადგილი პარლამენტში არ არის:
"თუ ვინმე ვერ გაუძლებს გვარამიას, სააკაშვილს, ბოკერიას და სხვა პათოლოგიური ადამიანების შანტაჟს. სასაცილოა, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც აქვს კარგად განვითარებული კულტურა სხვადასხვა მიმართულებით, არ შეიძლება ასეთი პათოლოგიური ადამიანები აშანტაჟებდნენ ვინმეს. ეს ასე ვერ გაგრძელდება. ვინც იქნება ასეთი შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლი და ასე გააგრძელებს საქმიანობას, მათი ადგილი პარლამენტში არ არის, ვინც სხვანაირად გააგრძელებს - ისინი შემოვლენ პარლამენტში. ჩვენ ვმონაწილეობდით მოლაპარაკებებში და დავინახეთ 1, 2 და 3-ზე მეტი ღირსეული ადამიანი, რომელიც ვფიქრობთ, რომ არ დაექვემდებარებიან...", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეათე მოწვევის პარლამენტი ხვალ, 11 დეკემბერს შეიკრიბება. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატები დაესწრებიან. ოპოზიციური პარტიების სრული უმრავლესობა პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და მანდატებზე უარს ამბობს. მხოლოდ პარტია მოქალაქეები არ ტოვებს კუთვნილ ორ მანდატს, თუმცა ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ.
ოპოზიციის ბოიკოტი და პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელსაც პარტიები გაყალბებულად მიიჩნევენ და მის ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ.