logo
ENG



კობახიძე: მომდევნო 3 წელი ქართული ოცნება დაამშვიდებს ქვეყანას

29 სექ 202123:28
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: მომდევნო 3 წელი ქართული ოცნება დაამშვიდებს ქვეყანას

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ გაიმართება. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. თუმცა, დოკუმენტს ოცნება ანულირებულად აცხადებს. 

კობახიძე ამბობს: 

"თეორიულად, 1%-იც რომ ავიღოთ, 0.1%-იც რომ ავიღოთ, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების საფუძველზე არანაირი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება. ეს ჩვენი ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიციაა. ​პრაქტიკულად, ქართული ოცნება" 43%-ზე ბევრად მაღალ შედეგს აიღებს ისედაც და ასედაც, არც თეორიული, არც პრაქტიკული ფორმით არ არის აქტუალური ეს საკითხი. 

პოლიტიკურ დისკუსიაში, რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ რაღაცა მოიგოს არჩევნების წინ, მაგრამ საზოგადოებას შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ 2024 წლამდე არანაირი არჩევნები არ გვექნება, ჩვენ გვექნება სიმშვიდის და განვითარების 3 წელი.

ყოველ წელს არჩევნებიც არ არის პრობლემა, მაგრამ ყოველ წელს პოლარიზებული არჩევნები არის პრობლემა ქვეყნის განვითარების კუთხით. ამიტომ, ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და ეს სამი წელი ქართული ოცნება დაამშვიდებს ქვეყანას საზოგადოებასთან ერთად". - თქვა მან რუსთავი 2-ის ეთერში. 

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. 


close დახურვა