ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოხალისეების ომში გაგზავნაზე ნებართვის გაცემა ნიშნავს საქართველოს ჩართვას კონფლიქტში, რასაც არც ერთი სხვა ქვეყანა არ აკეთებს.
"თუ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ თუ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა მოხალისეების ომში გაგზავნაზე, ეს პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ჩართვას კონფლიქტში. მთავრობას უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას კონფლიქტში, თქვენ იცით, რომ არც ევროკავშირის ქვეყნები, არც აშშ ამას არ აკეთებენ". - თქვა ირაკლი კობახიძემ.
"მოხალისეთათვის ხელშეშლის გამო, რომელთაც უკრაინის დახმარება სურდათ, ასევე, სანქციებთან დაკავშირებლი ამორალური პოზიციის გამო", ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან გაიწვია.
საქართველოში რამდენიმე ათეულმა მოხალისემ უკრაინაში წასვლის და ბრძოლის სურვილი გამოთქვა, თუმცა, მათ გაფრენის საშუალება არ მიეცათ.
28 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.
უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა იმედი გამოთქვა, რომ ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მოხალისეებისთვის ფრენის ნებართვას გასცემს.
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება". - დაწერა მან ტვიტერზე.
"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!" - დაამატა შმიგალმა.