logo
ENG



კობახიძე: ნაცმოძრაობის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან

30 ოქტ 202116:14
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძის თქმით, ენმ-ს კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში 50%-იან ზღვართან ახლოს არიან და საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა, რომ მათ არ გაიმარჯვონ.

ირაკლი კობახიძის მტკიცებითვე, ქართული ოცნების კანდიდატები არჩევნებს მყარად იგებენ 20-დან 18 მუნიციპალიტეტში.

"არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. ნაცმოძრაობის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს

საარჩევნო უბნების დახურვამდე რჩება 4 საათი. შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე საქართველოში აღარ ჩატარდება არავითარი არჩევნები. ყველა ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე და რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მოგიწოდებთ და გთხოვთ, გამოიყენოთ ეს შანსი, რათა თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში პოლარიზაციის, ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებაში." , - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძის თქმით, მის მიერ გამოცხადებული მონაცემები, რომ ოცნება 20-დან 18 მუნიციპალიტეტში იგებს და ენმ ორ მუნიციპალიტეტში 50%-იან ზღვართან ახლოსაა, ეფუძნება ოცნების აქტივს.

"ეს მონაცემები ეფუძნება ჩვენი აქტივის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს.

მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.

ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 31,82% შეადგინა. პირველ ტურში აქტივობა იყო 33,18%. 


close დახურვა