ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და კახა კალაძის მსგავსად "წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე" საუბრობს.
"ოკუპაციამ კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს"- წერს კობახიძე Facebook-ზე.
***
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.