logo
ENG



კობახიძე: ოპოზიციას თითქმის 20 საათი აქვს იმისთვის, რომ გააპროტესტოს

08 ნოე 202013:59
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას "თითქმის 20 საათი აქვს იმისთვის, რომ გააპროტესტონ". 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ეს ოპოზიციონერების და მოქალაქეების განცხადებების პასუხად თქვა - ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ამბობენ, რომ კომენდანტის საათი მმართველმა გუნდმა არა კორონავირუსთან ბრძოლის, არამედ გამოხატვის თავისუფლების და პროტესტის შესაზღუდად დააწესა. 

„მათ დღის და ღამის განმავლობაში აქვთ თითქმის 20 საათი იმისთვის, რომ გააპროტესტონ. მათ რეალურად არ აქვთ პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რამეებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება“.  - თქვა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის მის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია მხოლოდ "კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს, სხვა რისკებს - არა". 

„რეალურად, არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა, ეს არის კოვიდის გავრცელება. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება, სამწუხაროდ, ახლა იმავეს აპირებენ თბილისში და სხვა რაიონებში, რაც ამ პოლიტიკური ძალის სახის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, დაგეგმილი აქვთ დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ისინი ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ გეგმებს, კოვიდის გავრცელების გარდა, აღსრულება არ უწერია“,- თქვა კობახიძემ.

8 ნოემბერს 15:00 საათზე ოპოზიცია რუსთაველზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს და ითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, ის ლეგიტიმური ვერ იქნება.  

როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

პარალელურად, მმართველმა გუნდმა, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შემცირების საბაბით კომენდანტის საათი დააწესა - 9 ნოემბრიდან, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც მანქანების, ისე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება აიკრძალება. 


close დახურვა