logo
ENG



კობახიძე: პარლამენტში ევროპელი სოციალისტების შესვლით ოპოზიციის საბოტაჟმა აზრი დაკარგა

11 იან 202114:15
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს, შევიდნენ პარლამენტში და ჩაერთონ კომისიის მუშაობაში, რომელიც, მისი განცხადებით, არჩევნების შესახებ სიმართლეს დაადგენს. 

კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ვინაიდან პარლამენტში შევიდა პარტია ევროპელი სოციალისტები - დეპუტატები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდნენ, დანარჩენი ოპოზიციის "საბოტაჟმა ყოველგვარი რაციონალური აზრი დაკარგა და საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ერთპარტიული პარლამენტის სცენარი" 

"კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით.  გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება ამ სიმართლის დასადგენად. 

საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. მათ შრის, ეუთო/ოდირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა. 

ამასთან, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმაზე, რომ თუნდაც 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშ მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ბოიკოტის გამო 2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოყალიბა. 


close დახურვა