ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმაზე საუბარი და შეთანხმება შესაძლებელია. ამაზე მან პალიტრანიუსის გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, სადაც წამყვანმა ჰკითხა, შეეწირება თუ არა თამარ ჟვანიას თანამდებობა მიმდინარე პროცესებს.
"თამარ ჟვანია არის ცესკოს თავმჯდომარე, ის არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. არაპოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობა ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი, მაგრამ რაც შეეხება საარჩევნო კუთხით რეფორმას, რაც შეიძლება საარჩევნო ადმინისტრაციას უკავშირდებოდეს, ამაზე საუბარი და შეთანხმება შესაძლებელია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
წამყვანის დაზუსტებაზე, უკავშირდება თუ არა ეს ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლობის გაზრდას, იგი პასუხობს, რომ ყველა საკითხზე საუბრისთვის მზად არიან:
"კონკრეტული შეთავაზებები ჩვენც გვაქვს და მათაც აქვთ წარმოდგენილი".