logo
ENG



კობახიძე: როცა ამბობენ, რომ 53 ჟურნალისტი დაშავდაო, მძიმედ დაშავდა 6

15 ივლ 202111:48
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: როცა ამბობენ, რომ 53 ჟურნალისტი დაშავდაო, მძიმედ დაშავდა 6

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 5-6 ივლისს ძალადობის შედეგად მძიმედ 6 ჟურნალისტი დაშავდა და 53 დაშავებულზე საუბარი საზოგადოებაში ქმნის არასწორ წარმოდგენას.

„ძალადობის ფაქტები იყო, 6 ჟურნალისტი იყო მძიმედ დაშავებული, ორი პოლიციელი იყო მძიმედ, 15 ჟურნალისტს ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები", - აცხადებს კობახიძე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გულისხმობდა ის ამ განცხადებით, რომ 53 ჟურნალისტი არ დაშავებულა, შემდეგნაირად უპასუხა:

„ეს ყველაფერი ხომ მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ ძალადობა ატარებდა მასობრივ ხასიათს და ესაა მძიმე - ასეთი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა და ამას, ბუნებრივია, სჭირდება ჩარღმავება. როდესაც ამბობენ 53 შემთხვევას, საზოგადოებას ექმნება წარმოდგენა, თითქოს 53 ჟურნალისტი არის მძიმედ", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

 

5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. 

ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ. 

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 5-6 ივლისს მათზე ძალადობის ერთერთი წამხალისებელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, სწორედ ამიტომ არის მოთხოვნებს შორის მისი გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან.

პროტესტის ნიშნად ოთხმა ტელევიზიამ - ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და ტვ კავკასია - 14 ივლისს 08:00 საათიდან 15 ივლისს 08:00 საათამდე მაუწყებლობა შეწყვიტა.

 


close დახურვა