ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
თუმცა, მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას "მისი ქუჩაში გაშვების საშუალება ჰქონდეს".
კობახიძე ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში არსებობს შიში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამიტომ, მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობდა ხმების მობილიზებას ქართული ოცნების სასარგებლოდ.
გარდა ამისა, მისი თქმით, "ახალგაზრდები ნახავდნენ, რა კლოუნია ის".
"წარმოიდგინეთ ქუჩაში გაშვებული სააკაშვილი. ქუჩაში რომ გავიდეს სააკაშვილი, ბევრად უკეთესიც იქნებოდა ამ თვალსაზრისით. ერთი, რომ მობილიზაციას შეუწყობდა ხელს და მეორე - ბავშვებს აღარ ახსოვთ, ახალგაზრდებს აღარ ახსოვთ, რა კლოუნი იყო მიხეილ სააკაშვილი. არ ახსოვთ, როგორ იტყუებოდა, როგორ იქცეოდა, როგორ გაიქცა თვითმფრინავის დანახვის დროს გორში. მშიშარა, ჩვეულებრივი კლოუნი. ბავშვები, ახალგაზრდები დაინახავენ და კიდევ უფრო გამძაფრდება ის აღქმა, რომ მისთვის არათუ ძალაუფლების მინიჭება, არამედ ასანთის მიბარება არ შეიძლება.
რომ გვქონდეს ამის შანსი, რომ ქუჩაში გავატაროთ ეს, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება, თუ ის მაინც გადაწყვეტს ჩამოსვლას". - თქვა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოსვლის შესახებ განაცხადა და კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც გამოაქვეყნა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოიქცევიან.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს.
შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
თუმცა, 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და მისი პირობების შესრულებაზე უარი განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებამ საქართველოში რამდენიმე საქმეზე გაასამართლა: სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურეობრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეიწყალა.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.
სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.