ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუშინ "ბაკურიანის გეგმა" გაახმოვანეს აქციაზე, სადაც მოქალაქეები ევროპული გზის მხარდასაჭერად მივიდნენ. პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, კობახიძემ აქციის ორგანიზატორების დისკრედიტაცია სცადა და თქვა, რომ შეკრება ნაციონალური მოძრაობის მიერ არის ორგანიზებული.
"გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს, რომ ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, რომელიც ითვალისწინებ შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გამოიყენა სირცხვილიას ერთ-ერთმა ლიდერმა. პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს. ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული", - თქვა კობახიძემ.
20 ივნისს აქციაზე შინ ევროპისკენ ორგანიზატორებმა მანიფესტი წაიკითეს და ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დააანონსეს, რომელიც ყველა სფეროს წარმომადგენელს გააერთიანებს.
"ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას. ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება. მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა", - აღნიშნული იყო მანიფესტში.