ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "აცდენილია სინამდვილეს ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შეაქვს არსებითი წვლილი რუსეთის მხრიდან დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაში".
ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის თავმჯდომარე რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც 21 ივნისს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა. რუსლან დავიდოვმა, რომელიც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლარსის გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა თქვა, რომ "რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა ლარსის გამშვები პუნქტის დახმარებით გაარღვია".
კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ საქართველო არ აპირებს შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაგრძელდება სავაჭრო ეკონომიკური-ურთიერთობები რუსეთთან, რაც მისივე მტკიცებით, "სჭირდება ქვეყანასა და მოსახლეობას".
"რუსეთის ფედერაციას აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის არის უზარმაზარი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, უამრავი სხვა ძალიან დიდი ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0.3%, აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს არის, რა თქმა უნდა, აცდენილი სინამდვილესთან. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ შევინარჩუნებთ მომავალშიც სავაჭრო ეკონომიკურ-ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას და, რა თქმა უნდა, ამ კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება", - თქვა კობახიძემ.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ "ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაუყენეს რუსეთთან, ზემო ლარსზე ახლა ირღვევა". მისი თქმით, რუსეთს ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის გასწვრივ 15 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია.
რუსლან დავიდოვის ინფორმაციით, გასულ წელს, 5,5 თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის რეგიონში, მათმა თანამშრომლებმა ორივე მიმართულებით მიმავალი 5.6 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს. მისივე თქმით, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში გადამუშავებულია უკვე 7.8 მილიონი ტონა.
რუსლან დავიდოვი იმედოვნებს, რომ 2023 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში 15 მილიონ ტონა ბრუნვას გადააჭარბებენ. მისი თქმით, მხოლოდ ზემო ლარსშია 20%-ზე მეტი ზრდა.