ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სინანულს გამოხატავს" იმასთან დაკავშირებით, რომ შოვში მეწყრისას გადარჩენილ დავით ჯელაძეს "გული ატკინა".
კობახიძის თქმით, ის დავით ჯელაძეს შეხვდა და მისგან პირადად მოისმინა "წარმოუდგენელი, საოცარი ისტორია", რაც ჯელაძეს შოვში გადახადა.
კობახიძემ განაცხადა, რომ დავით ჯელაძე "ვაჟკაცი, რაჭველი კაცია", რომელმაც "ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე". ოცნების თავმჯდომარის თქმით, ამისთვის ჯელაძემ ისეთი გზა გაიარა, "თავის თავს აჯობა".
"მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველ რიგში ჩემი ადამიანური შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ. დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი - ეს მინდა გითხრათ პირველ რიგში. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა და ნუ წარმოუდგენელი, საოცარი ისტორია. რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე და ნუ თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი ამისათვის, თავის პატარა დისშვილთან ერთად. უბრალოდ თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული. ეს მინდა აუცილებლად გითხრათ ამასთან დაკავშირებით" - თქვა კობახიძემ.
ოცნების თავმჯდომარის თქმით, 14 აგვისტოს გამართული ბრიფინგისას მას ერთმა ჟურნალისტმა აჩვენა ფოტო, რომელიც ამ ბრიფინგზე პირველად ნახა და ვინაიდან, მისი თქმით "სოციალურ მედიაში ხშირად ვრცელდება სრულიად ყალბი ფოტოები" მან არ იცოდა "ვინ დადო ეს ფოტო და რა იყო ასახული" და "აქედან გამომდინარე კითხვა დასვა, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა".
კობახიძის თქმით, ამის შემდეგ გაერკვა, რომ ეს დავით ჯელაძის ფოტო იყო, შემდეგ კი პირადად შეხვდა და მისი თქმით, ჯელაძემ კობახიძესთან საუბარში დეტალურად გაიხსენა 3 აგვისტოს შოვში მომხდარი.
კობახიძემ "სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ატკინა" მისი თქმით "ეს ძალიან დასანანია", თუმცა, კობახიძის თქმით, შეხვედრისას ჯელაძეს "ყველაფერი განუმარტა".
"სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ჩვენ გვქონდა საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით, მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარი არის ის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და რა თქმა უნდა, ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
14 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორიაც, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".
ირაკლი კობახიძის განცხადებას დაეთანხმნენ ოცნების დეპუტატებიც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოცნების თავმჯდომარის ნათქვამი "აბსოლუტურად მართებულია".
"თუ გადარჩა ადამიანი, განაპირა მხარეს არის, ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, არ ვიცი უბრალოდ. შეიძლება, რამე კონკრეტული მიზეზი არსებობს" - თქვა სარჯველაძემ.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ დავით ჯელაძემ "მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა, დისშვილთან ერთად შეძლო არა სანსეტ შოვის მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა"
ამავე დღეს სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას და მას შესთავაზა, რომ შოვში თავად აჩვენებდა მისი გადაადგილების ტრაექტორიას.
გარდა ამისა, ჯელაძე ამბობს, რომ თუ ამასაც არ დაიჯერებს კობახიძე, არსებობენ თვითმხილველები და ვიდეო კადრები.