logo
ENG



კობახიძე: უკრაინის მთავრობის პოზიცია არ ტოვებს ოფიციალურ ვიზიტში მონაწილეობის საშუალებას

21 თებ 202313:07
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: უკრაინის მთავრობის პოზიცია არ ტოვებს ოფიციალურ ვიზიტში მონაწილეობის საშუალებას

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება უკრაინის რადას მიერ 24 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის კიევში მიწვევას და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია "ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ ტოვებს".

კობახიძე ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ქართულ ოცნებაზე "ტყუილების გავრცელებითაა დაკავებული" და ქართველ ხალხს "მეორე ფრონტისკენ" მოუწოდებს, ამ ვითარებაში კი, ის ოფიციალურ ვიზიტს "წარმოუდგენლად" მიიჩნევს.

"ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ ხელისუფლების ნაბიჯები პირდაპირაა მიმართული, მათ შორის უკრაინელი ხალხის ნების წინააღმდეგ. როდესაც ისინი ქართველ ხალხს პირდაპირ მოუწოდებენ მეორე ფრონტისკენ, როდესაც სრულიად სამარცხვინო ტყუილს ავრცელებენ, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს და ა.შ. როდესაც ასეთი ტყუილების გავრცელებითაა დაკავებული ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და როდესაც უმაღლეს პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტისკენ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ოფიციალური ფორმატით ვიზიტი წარმოუდგენელია. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ეს არის არამარტო სიტყვით გამოხატული, არამედ კონკრეტული ქმედებებით, მაგრამ რაც შეეხება, უკრაინის ხელისუფლების პოზიციას, ეს პოზიცია არ გვიტოვებს ჩვენ ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას, რაც ძალიან სამწუხაროა"- თქვა კობახიძემ.

20 თებერვალს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, კიევში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. 

მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი ზარქუამ გუშინვე დაადასტურა, რომ ქართულმა ოცნებამ ვიზიტზე უარი თქვა.


close დახურვა