logo
ENG



კობახიძე: უმრავლესობას შეუძლია, კენჭი არ უყაროს დეპუტატების გასვლას პარლამენტიდან

20 ნოე 202012:16
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: უმრავლესობას შეუძლია, კენჭი არ უყაროს დეპუტატების გასვლას პარლამენტიდან

ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში პარლამენტში მარტო ვერ დარჩებიან. კობახიძეს ამის მიზეზად კონსტიტუცია მოჰყავს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას, კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუცია შეიცავს "შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს" და პარლამენტის უმრავლესობა გადაწყვეტს, დაუტოვებს თუ არა დეპუტატებს მანდატს. 

"პროცედურები ისეა გაწერილი, რომ პარლამენტის ნების გარეშე ამ შანტაჟს ვერავინ ვერ განახორციელებს. თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ანუ, ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას.

ამის შემდეგ, თითოეულ მათგანს შეუძლია, რა თქმა უნდა, დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს, თუ არა მათ პარლამენტს. ეს არის შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. 

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. 

ქართულ ოცნებას პარლამენტში ამ დროისთვის 75 დეპუტატი გაყვანილი - 61 პროპორციული სისტემით, ხოლო 14 მაჟორიტარულით. 21 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტი არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 1 ოლქის მოგების შემთხვევაში მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებენ.


close დახურვა