ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუნდში ყველაფერი "ძალიან კარგად არის". გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის გიორგი ხელაშვილი და დავით სერგეენკო, მანდატებს ტოვებენ. აღნიშნული კი რუსული კანონს უკავშირდებოდა.
"უმრავლესობაში, გუნდში ზოგადად, ყველაფერი არის ძალიან კარგად. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით გაგიზიარებთ ინფორმაციას", - განაცხადა კობახიძემ.
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.