მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ანტიდასავლური განცხადება არასდროს გაკეთებულა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"არაფერი ანტიდასავლური განცხადება არ გაკეთებულა არასდროს ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის სტატუსი და ა.შ", - განაცხადა მან.
რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ფეიკი" უწოდა განცხადებებს, რომ ხელისუფლებას ანტიდასავლური რიტორიკა აქვს.
ქართულ ოცნებას ხშირად აკრიტიკებენ მათი რიტორიკის გამო, თუმცა მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ, რომ ეს განცხადებები ანტიდასავლურია. არც თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ანტიდასავლური განცხადებები გაუკეთებია, თუმცა ის ერთ-ერთია ოცნებიდან, ვინც მეორე ფრონტზე საუბრობს და ევროპელ პარტნიორებს თავს ესხმის.
ხელისუფლების პროპაგანდაზე საუბარი იყო ALDE-ს რეზოლუციაშიც - ლიბერალურ-დემოკრატიულმა ალიანსმა ქართულ ოცნებას მოუწოდა, შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანიები.
ბოლოს კრიტიკა მოჰყვა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების "მიზეზთან" დაკავშირებით - მან პირდაპირ გაიმეორა კრემლის რეჟიმის რიტორიკა და ომის დაწყება NATO-ს გაფართოების საკითხს დაუკავშირა.