"ამ ბოდიშისთვის და კიდევ უფრო მეტად მისი დანაშაულებისთვის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე უმკაცრეს პასუხს მიიღებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბოდიში არ შველის ისეთ დანაშაულებს, როგორიც ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა და ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარებაა.
"როდესაც 8 წლის თავზე, არჩევნების წინ გახსენდება უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინე და ამისთვის იხდი ბოდიშს, ბუნებრივია, ამას ვერავის აჭმევ. საზოგადოება არათუ გაგებით არ მოეკიდება ასეთ რამეს, არამედ სათანადო მკაცრ პასუხს გასცემს ამ ბოდიშსაც, რომელიც „მოიხადა“ მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლის წინაშე. ბოდიში არ შველის ისეთ მძიმე დანაშაულებს, როგორიც არის ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება და შემდეგ ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერით ამ ოკუპაციის გაფორმება. მათ ჩაიდინეს ღალატი და ღალატს, ბუნებრივია, ბოდიში არ და ვერ შველის. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პარტია ერთნიშნა მაჩვენებლით დაამთავრებს ამ საპარლამენტო არჩევნებს", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 27 აგვისტოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც წარსული შეცდომების გადააზრებაზე და საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა. მან ბოდიში მოიხადა იმ "შეცდომების" გამო, რაც დაუშვა და რაც "ბოლომდე ვერ გააკეთა".