logo
ENG



კობახიძე: ყველამ თავის ტროლებსა და ბოტებს მიხედოს

24 დეკ 201913:51
3 წუთის საკითხავი
 
3a86gnm3ym5cqgv.jpg

პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რომელშიც, ნათქვამი იყო, რომ Facebook-მა “ქართულ ოცნებასთან„ დაკავშირებული ასობით გვერდი და ჯგუფი გააუქმა.

კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი აქვს, დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს კანონპროექტი არა მხოლოდ სოციალურ ქსელს, არამედ სხვადასხვა მედიასაშუალლებებსაც მოიცავს.

„ყველას მოვუწოდებ პირველ რიგში, რომ თავიანთ ტროლებს მიხედონ, საქართველოში სამწუხაროდ ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს ტროლების კუთხით, ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით, გასული თვეების განმავლობაში, გახსოვთ იგივე, როცა საუბარი იყო საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე იქაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო დეზინფორმაციის აღკვეთა და აქეთკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა და მაშინ კონკრეტულმა სუბიექტებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სერიოზული კრიტიკა გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით, ისინი პირდაპირ უპირისპირდებოდნენ რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესებას ფეისბუკთან დაკავშირებით და ზოგადად ასეთი ტიპის დეზინფორმაციის გვარცელებასთან დაკავშირებით, დღეს იგივე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამას სჭირდება ზღვრის დაწესება. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას. მარტო ფეისბუკი ხომ არ არის პრობლემა პრობლემა არის ასევე სატელევიზიო სივრცე და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი და პირადი პროფილი რამდენიმე დღის წინ გააუქმა. პროსახელისუფლებო პროპაგანდისტური გვერდების შავი PR-ის მსხვერპლნი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირები თუ ორგანიზაციები იყვნენ. დადგინდა, რომ აღნიშნულ ანგარიშებს სარეკლამო კომპანია "პანდა" აკონტროლებდა. რამდენიმე დღის შემდეგ ხსენებულმა კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მედიასაშუალებები დეზინფორმაციის გავრცელებასა და ბულინგში დაადანაშაულა. "ფორმულამ" უშუალოდ ის პირიც მოიძია, რომელიც ე.წ ტროლების ქარხანაში მუშაობდა. მან ჩვენს ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი, რომელიც შავი პაირით იყო დაკავებული, პანდას წევრი იყო.


close დახურვა