logo
ENG



კობახიძე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დეოლიგარქიზაციის გეგმა გადაჭრის ოლიგარქიის პრობლემას

22 ნოე 202315:15
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ დეოლიგარქიზაციის გეგმის შედგენისას ევროპელი პარტნიორების რჩევებით მოქმედებდნენ და გეგმაში პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებასაც ევროკავშირის რეკომენდაციებს უკავშირებს.

კობახიძის აზრით, დეოლიგარქიზაციის გეგმა ოლიგარქიზაციის პრობლემას სრულად ვერ გადაჭრის. ის საკითხს კვლავ კონკრეტულ პირებზე თავდასხმისთვის იყენებს, მათ შორის, ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილსა და ლელოს გენერალურ მდივანს მამუკა ხაზარაძეს ახსენებს.

"პირველადი პროექტი არის მომზადებული, ბოლო ეტაპზეა ახლა განხილვები და ამის საფუძველზე დამტკიცდება საბოლოო სახით დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. მე, რა თქმა უნდა, პირადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამოქმედო გეგმა გადაწყვეტს საქართველოში ოლიგარქების პრობლემას. ოლიგარქები არიან დღეს პოლიტიკაში და ალბათ, გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რა თქმა უნდა, ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე. რაც შეეხება კონკრეტულად პარტიის დაფინანსების თემას, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის , ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. თუ იქნება ოპოზიციის კატეგორიული პოზიცია, მაშინ მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს, თუ არ მოსწონთ ეს ცვლილებები, მაშინ საქმე ექნებათ მათ ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა გადაჭრის ოლიგარქიის პრობლემას პოლიტიკაში. ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები, ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული ამ სამოქმედო გეგმით. [...] ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, განსხვავებით კეზერაშვილისგან, ხაზარაძისგან და სხვებისგან, რომლებიც ღიად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, ეს ადამიანები არიან ოლიგარქები", - აცხადებს კობახიძე.

***

საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის დოკუმენტი შეიმუშავა. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მეხუთე პრიორიტეტის განხორციელების მიზნით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წინამდებარე სამოქმედო გეგმა შემუშავებულია შვიდი მიმართულებით კანონმდებლობისა და მექანიზმების საფუძველზე:

  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს (GRECO) მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია);
  • სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა);
  • კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება);
  • მართლმსაჯულება;
  • ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაძლიერება, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობა, მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაზე დროული და ეფექტური წვდომა MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად);
  • პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
  • მედია (მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა).

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც დოკუმენტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ეხება. სამოქმედო გეგმის თანახმად, იურიდიულ პირებს საარჩევნო შემოწირულების გაკეთება აეკრძალებათ; თითოეული მხარისთვის ხარჯების ზედა ზღვარი კიდევ უფრო დაბლა შემცირდება, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნება მოუწევთ. 


close დახურვა