ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილით ბევრი რამ ითქვა. მისივე თქმით, წერილის სიღრმეში ვერ შევლენ და გარკვეულ საკითხებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებენ.
"ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ძალიან ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან, მათ შორის ქვეტექსტებიც არის ძალიან მკაფიო. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თვითონ წაიკითხავს ამ წერილს და, ალბათ, თვითონ გამოიტანს დასკვნებს", - თქვა კობახიძემ.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა.
გარდა ამისა, წერილში ივანიშვილი პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა".