logo
ENG



კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას

22 დეკ 202117:12
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეებზე განაცხადა, რომ, სამწუხაროა, როცა 200 ადამიანი „ბელადის შანტაჟით იწყებს შიმშილობას“.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შიმშილობა მოქალაქეების პოლიტიკური უფლებაა, თუმცა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტის ამგვარი ფორმა პოლიტიკას არ წაადგება.

„შიმშილი ყველას პოლიტიკური უფლებაა, მათ შეუძლიათ ეს უფლება გამოიყენონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც ბუნებრივია პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მმართველი პარტიის თავდჯომარემ ასევე აღნიშნა, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ნამდვილად "ბელადის შანტაჟით" შიმშილობენ, რაც მისი თქმით ტრაგიკომიკური მოვლენაა.

„ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. არავინ არავის არ დასცინის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ადამიანები, 200 კაცი, თუ რამდენიც არის, ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, ეს არის თავისთავად ტრაგიკომიკური მოვლენა", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ 21 დეკემბერს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყება.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, მასობრივი შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის თავადაც იწყებს. 

 მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში უკვე გაშალეს.


close დახურვა