პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას "მეორე ფრონტის" გახსნის მოწოდებებში ადანაშაულებს და რუსეთის შეჭრის შემდეგ მუდმივად აკრიტიკებს, ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ჩავიდა. ჟურნალისტებთან კობახიძემ თქვა, რომ ხელისუფლებებს შორის სირთულეები უკრაინელი ხალხის დახმარებას "ხელს ვერ შეუშლის".
"ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია, არსებითად, კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა. მათ შორის, გახსოვთ, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტობრივი გაძევება უკრაინიდან. მე ვიტყოდი, ეს არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფვას, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც ბერლინში იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.