logo
ENG



კობახიძე Amnesty-ს განცხადებაზე: ტყუილი მიაწოდეს კონკრეტულ ორგანიზაციას

10 ნოე 202122:23
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე Amnesty-ს განცხადებაზე: ტყუილი მიაწოდეს კონკრეტულ ორგანიზაციას

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის წყაროები მცდარ ინფორმაციას აწვდიან. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ამ წყაროებს შორისაა სახალხო დამცველიც და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები.

"პირველი წინადადებით რომ დავიწყოთ, "ხუთი კვირა შიმშილობს" - უკვე ტყუილია. ტყუილი მიაწოდეს კონკრეტულ ორგანიზაციას და მათაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ესაა რეალობა. პირველი წინადადებაში არის ტყუილი, ყველაფერ დანარჩენში არის ტყუილი. იტყუება არა კონკრეტული ორგანიზაცია, არამედ მისი წყარო", - ამბობს კობახიძე.

საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Amnesty International განაცხადა, რომ ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ სააკაშვილის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფო შეამოწმა ომბუდსმენმაც და დაასკვნა, რომ აქ არ იყო პირობები პაციენტის მოსათავსებლად

მიუხედავად ამისა, 8 ნოემბერს, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.


close დახურვა