logo
ENG



კობახიძე ISFED-ზე: თუ გამოძიებაზე იქნება საუბარი, უნდა ჩატარდეს ამერიკელების ჩართულობით

14 დეკ 202011:13
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ISFED-ზე: თუ გამოძიებაზე იქნება საუბარი, უნდა ჩატარდეს ამერიკელების ჩართულობით

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ISFED-თან დაკავშირებით რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, მინიმუმ ამერიკული მხარის ჩართულობით უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ISFED ამერიკული და ევროპული დაფინანსებით აკეთებს პროექტებს, შესაბამისად, თემა დელიკატურია.

"დელიკატური თემაა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება არსამთავრობო ორგანიზაციას და კიდევ უფრო დელიკატურია თემა იმის გამო, რომ საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელშიც არის ჩადებული ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელის ფული და ეს არის ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებული პროექტი, ამიტომ თემა დელიკატურია. თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, ვფიქრობ, მასეთი სისხლის სამართლებრივი გამოძიება უნდა ჩატარდეს, მინიმუმ ამერიკული მხარის ჩართულობით, სხვანაირად არა", - განაცხადა კობახიძემ.

11 დეკემბრის საღამოს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა. 

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ.


close დახურვა