logo
ENG



კობახიძე აქციებზე: ოპოზიციის ასეთი ქმედებები მოწმობს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა

04 ნოე 202021:22
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას შედეგების დაზუსტების "ეშინია" და სწორედ ამაზე მიუთითებს საოლქო კომისიებთან მიმდინარე აქციები. 

მისი თქმით, ოპოზიციის "დესტრუქციული ქმედებები" იმას მოწმობს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ხმების დაზუსტება ცესკოს წინასწარ მონაცემებს დაადასტურებს:

"საქართველოს ისტორიაში ხმების გადათვლა არასდროს არ მომხდარა და ასეთი უპრეცედენტო რამე ხდება საოლქო კომისიების დონეზე, რაც მოწმობს საოლქო ადმინისტრაციის უპრეცედენტო ღიაობას და გამჭვირვალობას... პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და მის საფუძველზე ხდება მონაცემების დაზუსტება. თუ სადმე, რომელიმე უბნის დონეზე რაიმე ხარვეზია, უნდა დაზუსტდეს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს პროცედურა. 

აქციები მოწმობს, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების მიზანი საერთოდ არაა დაზუსტება. პირიქით - მათ ეშინიათ დაზუსტების, რადგან ხმების დაზუსტება დაადასტურებს ზუსტად ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს. ანუ გამოვა ისე, რომ რასაც აპროტესტებდნენ, იყო სრული ფარსი... ისინი ახორციელებენ დესტრუქციას და მიმართავენ ასეთ ქმედებებს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ რეალურად არჩევნები ჩატარდა სათანადოდ",- თქვა ირაკლი კობახიძემ აქციების პარალელურად გამართულ ბრიფინგზე.

საოლქო-საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პოლიტიკოსები, მაჟორიტარობის კანდიდატები ითხოვენ, დათვლის და საჩივრების განხილვის პროცესს დაესწრონ, თუმცა, პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. 

ამ დროისთვის ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 


close დახურვა