ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლევან ბერძენიშვილის შესახებ თქვა, რომ ადამიანი, რომელიც პროფესორის სტატუსით სარგებლობს "არ შეიძლება, გამოდიოდეს და ლანძღავდეს გმირ მეფეებს."
"თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, ძალადობა არის მიუღებელი. ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და ასევე პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას. პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, პირდაპირ ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ გმირ მეფეებს და ა.შ. არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება. ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, თუ არ ვცდები, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს, ერეკლე II, დავით აღმაშენებელი გალანძღა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალადობა არის მიუღებელი, რაც შეეხება შუღლის გაღვივებას, ესეც არის მიუღებელი."- განაცხადა კობახიძემ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ტაბულას რედაქტორია ცისია კირვალიძე ავრცელებს.
"ვიღაც მოქალაქე შემხვდა და არ მომცა გავლის საშუალება, სანამ არ მაგინა და ერეკლე მეფე არ "დაიცვა" ჩემგან. კვერცხი ისროლა, მაგრამ მანქანას მოხვდა. დაზიანება არ მაქვს. ზომბირებული ჰყავთ ხალხი და ალაგ-ალაგ აგზავნიან ხოლმე. ადამიანი იყო შეურაცხადი, ვერ გავიგე, რა უნდოდა. გავიგე, რომ ერეკლეს იცავდა, მაგრამ ხომ შეიძლება, თქვა, რომ არ გეთანხმები, არა, მაინც და მაინც ის უნდოდა, სანამ დედის გინება არ დაიწყო, ვერ შეიკავა თავი. პოლიცია არ ყოფილა იქ", - უთხრა ბერძენიშვილმა ფორმულას.