ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ შალვა პაპუაშვილის მხრიდან თინა ბოკუჩავაზე ძალის გამოყენება "აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური პასუხი იყო". ეს კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან "მორიგი მიჭრა აღკვეთა".
ამასთან, კობახიძემ პაპუაშვილს მომხდართან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოუცხადა.
"თინა ბოკუჩავა, ნატო ჩხეიძე და სხვები ძალიან შეეჩვივნენ პარლამენტის ტრიბუნასთან ასვლას, რაღაცა წესებს მათ უნდა სცენ პატივი. ძალიან კარგი იყო, რომ შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა შეაჩერა მორიგი მცდელობის დროს დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა. ეს არის მიუღებელი და ასეთი წესების პატივისცემა ევალება ნებისმიერ დეპუტატს, პოლიტიკოსს და ძალიან კარგია, რომ აღიკვეთა მორიგი მიჭრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. რაღაც წესებს თუ არ ვეცით პატივი, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოებრიობისგან არაფერი დარჩება.
აქედან გამომდინარე, პასუხი შალვა პაპუაშვილის მხრიდან იყო აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური. მას კიდევ ერთხელ მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო", - თქვა კობახიძემ.
18 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული.
ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.
ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
საბოლოოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში აღარ გაგრძელდა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა შალვა პაპუაშვილმაც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ მას თინა ბოკუჩავაზე არ უძალადია.
„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ", - წერს შალვა პაპუაშვილი.