ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, თავისი თანაგუნდელის, მამუკა მდინარაძის მსგავსად ამბობს, რომ გიორგი გახარია თბილისის მერად კენჭს ნიკა მელიას მეორე ტურში "გადასათრევად" იყრის.
"მაინცდამაინც სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებდი. ეს არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა დააყენეს მერობის კანდიდატად იმისთვის, რომ რამენაირად მელია გაათრიონ მეორე ტურში, თუმცა, ბუნებრივია, ეს მათ არ გამოუვათ და კახი კალაძე მოიგებს პირველივე ტურში. [გახარიას] აქვს კონკრეტული დავალება, რაც შესრულებადი არ არის". - თქვა კობახიძემ.
გიორგი გახარიამ საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერად დღეს, 1-ლ სექტემბერს დაასახელა.
"თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში". - თქვა მან.
ქართული ოცნებიდან თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის, ოპოზიციის კანდიდატი კი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა.
გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტს 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა, 18 თებერვალს კი დატოვა თანამდებობა და პარტია ქართული ოცნება. მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების საკითხზე მმართველ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.
მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუცვალეს. ის მხარდამჭერებთან ერთად ენმ-ის ოფისში დარჩა და თქვა, რომ ციხეში ჩადჯომას არ აპირებდა.
გახარიამ განაცხადა, რომ "კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი იყო".