ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვინც ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გავრცელებულ ევროპარლამენტარების წერილს, დანაშაულის თანამონაწილე ხდება.
"ვინც აწერს ხელს ასეთ წერილს, ის ხდება დანაშაულის გარკვეულწილად თანამონაწილე, რომელიც მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს ქართული სახელწმიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ეს არ არის ის, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულებები. მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ ევროპული ღირებულებების შესაბამისად. მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კობახიძე, ასევე ირწმუნება, რომ წერილს ხელს აწერს მხოლოდ ერთი ევროპარლამენტარი, როდესაც მას ჯამში 72 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის 24 ევროპარლამენტარია.
წერილს ხელს აწერენ ლიეტუვის სეიმის წევრები, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, შვედეთის ყოფილი პრემიერი კარლ ბილდტი და სხვა ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები.
წერილში, რომელიც ფორმულამ 14 ოქტომბერს ექსკლუზიურად მოიპოვა, ნათქვამია, რომ საქართველოში საბოლოოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა.
მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.