logo
ENG



კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: პოლიტიკური ინტერესია, საქართველო გახვეული იყოს შარში

16 თებ 202315:18
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: პოლიტიკური ინტერესია, საქართველო გახვეული იყოს შარში

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კვლავ ამბობს, რომ "ის აბსურდული შინაარსისაა და არავითარი ფასი არ აქვს".

კობახიძის თქმით, "ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუცის პოლიტიკური ინტერესია, საქართველო გახვეული იყოს შარში".

"ეს არის უკვე მესამე რეზოლუცია აბსურდული შინაარსით. არც ერთ წინა შემთხვევაში არც ევროკომისიას, არც ევროპულ საბჭოს არ გაუზიარებია ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუციები. გამომდინარე იქიდან, რომ აბსურდულია თავისი შინაარსით რეზოლუციის შესაბამისი ჩანაწერი, მას ჩვენთვის არ აქვს არავითარი ფასი, აქვს აბსოლუტურად ნულოვანი ფასი და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო აბსურდული ხდება ეს რეზოლუციები, აქ საუბარია მაგალითად იმაზე, რომ სააკაშვილი დღეს ციხეში ყოფილა თურმე ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო. ვინ ეხვეწებოდა სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას? როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი დაიგეგმა აგენტების მიერ. აბსურდული როდესაც არის რეზოლუცია, მისი კომენტირებაც კი არ ღირს

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია და სამართლის უზენაესობა ერთმანეთთან არის წინააღმდეგობაში, ამას ჩვენ ვერ გავიზიარებთ, ამას ღმერთს მადლობა არ იზიარებს ევროკომისია, ევროპული საბჭო და, რა თქმა უნდა, ასეთი დილემა ჩვენთვისაც კატეგორიულად მიუღებელია. მე პირადად მახსოვს 80-იანი წლები, როგორი აბსურდული იყო განხილვები, დისკუსიები საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში, რა ტიპის დოკუმენტებს იღებდა საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭო, ეს იყო აბსურდული რეზოლუციები, დოკუმენტები, კანონები და ზუსტად ანალოგიური ხარისხის აბსურდულობით გამოირჩევა ევროპარლამენტის ეს ბოლო რეზოლუციაც, ისევე როგორც წინა ორი. პოლიტიკური ინტერესია, საქართველო იყოს გახვეული შარში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი და ამ პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუცია", - თქვა კობახიძემ.

15 თებერვალს ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამ ტექსტს მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში შევიდა შესწორებაც, სადაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც ოლიგარქი და ხაზგასმულია მისი ფუნდამენტური როლი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში. მათი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა არის "ივანიშვილის პირადი ვენდეტის ნაწილი".

ევროპარლამენტარები საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებენ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. შესწორებას მხარი 362-მა დეპუტატმა დაუჭირა.


close დახურვა