logo
ENG



კობახიძე კონტრაბანდაზე: ძალიან მძიმე მოვლენაა, სამწუხაროა, რომ მეგობრობა ცალმხრივია

05 აპრ 202211:09
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართლი ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას იარაღის კონტრაბანდაზე და ბრალდებებზე ამბობს, რომ ეს არის "ძალიან მძიმე მოვლენა".

"ეს არის იმ ალოგიკური ნაბიჯების და გადაწყვეტილებების გაგრძელება, რაც ვიხილეთ უახლოეს წარსულში. მათ შორის, ელჩის გაწვევის სახით. ამ ყველაფერს აქვს მარტივი მიზეზი: ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი, იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები.

რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამას რბილად ვამბობ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვართ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. 

დაზვერვის სამსახურის განცხადებაში წერია: 

"საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ამასთან, საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა"

უკრაინა, ასევე აცხადებს, რომ დღეისთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი - აღმოსავლეთ აზია. სწორედ მისი დახმარებით მიეწოდება ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები. 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".

 


close დახურვა