ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას" ორგანიზატორები "რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ აფილირებული არიან". ამაზე მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა და სცადა განემარტა, რატომ არ მიიღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მასში მონაწილეობა.
კობახიძის თქმით, რამდენიმე მსგავს კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო გასულ წლებში, თუმცა შემდეგ "პოლიტიკური მიკერძოების" გამო დასწრებაზე უარი თქვა.
"ამ კონფერენციის ორგანიზატორები არიან პირდაპირ პოლიტიკურად აფილირებული იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ და რომლებიც არიან რეალურად რადიკალური ოპოზიცია. მათ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა ჩვენთვის მისაღები არაა"- ამბობს კობახიძე.
კობახიძის მტკიცებით, ამ კონფერენციაში მონაწილეობით ისინი "რადიკალურ ძალებს ლეგიტიმაციას" მისცემდნენ.
"იქ ხდება რადიკალური პოლიტიკური ძალების მიწვევა და არა მარტო პოლიტიკური ძალების, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების თუ მსგავსი ტიპის სუბიექტების, რომლებიც პირდაპირ არიან რადიკალურ დღის წესრიგში ჩართული. ჩვენი მხრიდან რადიკალიზმის ნორმად წარმოჩენა და ამაში მონაწილეობა აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ რადიკალიზმს ნორმად ვერ წამოვაჩენთ, მითუმეტეს, როდესაც ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი გვეუბნება, რომ დეპოლარიზაცია უნდა იყოს მთავარი ამოცანა. როგორც კი შენ რადიკალურ ძალებს მისცემ თუნდაც მცირეოდენ ლეგიტიმაციას, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს შემდგომ პოლარიზაციას. ამ კონფერენციაში მონაწილეობით ჩვენ ამას გავაკეთებდით და არ გავაკეთეთ“- ამბობს კობახიძე.
საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" თბილისში 5-6 სექტემბერს გაიმართება.
კონფერენციაში ევროპარლამენტარების ის ჯგუფიც მონაწილეობს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. კონფერენციას არ ესწრებიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები.